მას შემდეგ, რაც დაასრულებთ კოდის წერასა და ფაილების მოწესრიგებას თქვენი ვებსაიტის, დაგჭირდებათ ამ ყველაფრის განთავსება ინტერნეტში, რომ ხალხმა შეძლოს მათი მონახვა. ამ სტატიაში ახსნილია, თუ როგორ შეგიძლიათ იხილოთ თქვენი მარტივი მაგალითი ინტერნეტში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

რა საშუალებები არსებობს?

საიტის გამოქვეყნება არაა ადვილი საქმე, ვინაიდან უამრავი სხვადასხვა გზაა ამისთვის. ამ სტატიაში, ჩვენ არ აღვწერთ ყველა შესაძლო ხერხს. სამაგიეროდ, განვიხილავთ ყველაზე მეტად გავრცელებული სამნაირი სახის დაგეგმვის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს, დამწყების თვალთახედვიდან, შემდეგ კი გავყვებით ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ამჟამად გამოგვადგება.

სივრცისა და მისამართის აღება

თუ გსურთ, სრულად თქვენს ხელში იყოს თქვენი საიტის მართვა გამოქვეყნების შემდგომ, მაშინ დაგჭირდებათ ცოტაოდენი თანხის გაღება, რომ დაიქირავოთ:

  • სივრცე — იგივე „ჰოსტინგის“ მომსახურება (ინგ. Hosting), რომელსაც გამოგიყოფთ მომწოდებელი თავის ვებსერვერზე. თქვენ შეგეძლებათ თქვენი საიტი განათავსოდ აღნიშნულ სივრცეში და ვებსერვერი საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, წვდომა ჰქონდეთ თქვენს საიტთან.
  • მისამართი — ანუ საიტის დომენური სახელი, რომელიც იქნება ყველასგან გამორჩეული და რომლის მეშვეობითაც, ხალხი იპოვის თქვენს საიტს, მაგალითად http://www.mozilla.org, ან http://www.bbc.co.uk. ამ სახელის ქირაობა შეგიძლიათ წლობით, სახელების განმკარგავის, იგივე დომენის რეგისტრატორისგან.

მაღალი დონის საიტების უმეტესობა, ამ გზითაა ინტერნეტში განთავსებული.

ამასთან, შესაძლოა დაგჭირდეთ ფაილების გადაცემის ოქმით (FTP) სარგებლობისთვის განკუთვნილი პროგრამა (დაწვრილებით იხილეთ რა ჯდება: პროგრამა) ფაილების ვებსერვერზე მარტივად ასატვირთად. FTP-პროგრამები, მრავალი სახისაა, თუმცა ზოგადად ერთნაირად მუშაობს და ესაჭიროება ანგარიშის მონაცემების მითითება, რომელსაც სერვერის კომპანია მოგაწვდით (იგულისხმება მომხმარებლის სახელი, პაროლი, ჰოსტის დასახელება). შემდეგ კი პროგრამა გაჩვენებთ ადგილობრივ ფაილებს და სერვერზე განთავსებულებს, ცალ-ცალკე ფანჯარაში, რომელთა მეშვეობითაც შეძლებთ მათ გადატან-გადმოტანას:

რჩევები, სივრცისა და მისამართის მომწოდებლების მოსანახად

  • ჩვენ აქ ვერ გირჩევთ პირდაპირ რომელიმე კომპანიას ან რეგისტრატორს, თუმცა მათი პოვნა, მარტივად შეგიძლიათ საძიებოში „ვებსაიტის ჰოსტინგისა“ და „დომენის რეგისტრაციის“ ჩაწერით. დომენის ყველა რეგისტრატორს საიტზე აქვს შემოწმების შესაძლებლობა, რომლითაც დაადგენთ, სასურველი მისამართი უკვე დაკავებულია, თუ ჯერ არა.
  • თქვენი სახლის ან სამსახურის ინტერნეტ-მომსახურების მომწოდებელი შეიძლება ისედაც გაძლევდეთ ცოტაოდენ სივრცეს, მცირე ზომის საიტის განსათავსებლად. აღნიშნულ შესაძლებლობას შეზღუდვები აქვს ხოლმე, თუმცა პირველი საცდელი საიტისთვის, ზედგამოჭრილია — ასე რომ, დაუკავშირდით მათ და ჰკითხეთ!
  • აგრეთვე არსებობს არაერთი უფასო მომსახურებაც, როგორიცაა Neocities, Blogger, და WordPress. კვლავ განვმეორდებით, რომ მომსახურება საფასურის შესაბამისია, თუმცა პირველი საცდელი საიტისთვის, სრულად საკმარისია. უფასო მომსახურებების უმეტესობა, FTP-პროგრამასაც არ საჭიროებს — პირდაპირ საიტზე შეგიძლიათ გადაიტანოთ და განათავსოთ ფაილები.
  • ზოგ შემთხვევაში, კომპანიები სივრცესაც და მისამართსაც, ერთად სთავაზობენ ხოლმე მომხმარებლებს.

ინტერნეტ-ხელსაწყოების გამოყენება, როგორიცაა GitHub ან Google App Engine

საიტის ინტერნეტში გამოქვეყნების საშუალებას იძლევა, ზოგიერთი ხელსაწყოც:

  • GitHub წარმოადგენს კოდის განსათავსებელ „სოციალურ ქსელს“. იგი საშუალებას იძლევა ატვირთოთ კოდის ფაილები შესანახად, Git-ის ვერსიების მართვის სისტემაში. შემდეგ კი შეგეძლებათ ერთობლივი მუშაობა ამ კოდზე თანამშრომლებთან ერთად, ამასთან ეს სისტემა ღია წყაროსია, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერს შეუძლია თქვენი კოდის მოძიება GitHub-ზე, მისი გამოყენება, შესწავლა და გაუმჯობესება. GitHub-ის მეტად გამოსადეგი შესაძლებლობაა GitHub Pages, რომლის მეშვეობითაც, შეგეძლებათ საიტის კოდის ინტერნეტში წარმოდგენა.
  • Google App Engine არის მძლავრი ხელსაწყოების ნაკრები, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ და გაუშვათ პროგრამები Google-ის გარემოში — იმ შემთხვევაშიც, თუ გსურთ შექმნათ მრავალშრიანი ვებპროგრამა ნულიდან ან უბრალოდ განათავსოთ მარტივი უძრავი საიტი. დაწვრილებით იხილეთ როგორ განვათავსოთ საიტი Google App Engine-ზე?

განსხვავებით სხვა მომსახურებებისგან, ამგვარი ხელსაწყოები ჩვეულებრივ უფასოა, მაგრამ შესაძლებლობები შეზღუდული სახით მოგეწოდებათ.

ვებპროგრამების (IDE) გამოყენება, როგორიცაა Thimble

უამრავი ვებპროგრამაა, რომლებიც საიტის შესამუშავებელი გარემოს მაგივრობას სწევს და საშუალებას იძლევა HTML, CSS და JavaScript კოდის შეტანისას, პირდაპირ გამოჩნდეს შედეგი, საიტის სახით — ყველაფერი ბრაუზერის ერთ ჩანართში. ზოგადად, ასეთი სახის ხელსაწყოები მეტად მარტივი, სასწავლად გამოსადექი და უფასოა (ძირითადი შესაძლებლობები მაინც), ამასთან, შექმნილი გვერდის განთავსება და ცალკე მისამართზე შენახვის შესაძლებლობასაც იძლევა. თუმცაღა, უფასო ძირითადი შესაძლებლობები მეტად შეზღუდულია და დამატებითი ფაილების განთავსება არაა ხოლმე უზრუნველყოფილი (მაგალითად სურათების).

გამოცადეთ ზოგიერთი მათგანი და ნახეთ, რომელი უფრო მოგეწონებათ:

გამოქვეყნება GitHub-ზე

მოდით, განვიხილოთ როგორი მარტივია საიტის GitHub-გვერდზე განთავსება.

  1. პირველ რიგში, შექმენით ანგარიში GitHub-ზე და დაამოწმეთ თქვენი ელფოსტის მისამართი.
  2. შემდეგ, დაგჭირდებათ შექმნათ საცავი (repository) თქვენი ფაილებისთვის.
  3. აღნიშნულ გვერდზე, Repository name ველში, შეიყვანეთ username.github.io, სადაც username თქვენი მომხმარებლის სახელი იქნება. მაგალითად, ვისი სახელიცაა bobsmith, მიუთითებს bobsmith.github.io.
    ასევე მონიშნეთ Initialize this repository with a README და დაწკაპეთ შექმნას Create repository.
  4. ამის შემდეგ, გადაიტანეთ და მოათავსეთ თქვენი საიტის შიგთავსის საქაღალდე თქვენს საცავში (repository) და დაწკაპეთ ცვლილებების ასახვას – Commit changes.
     

    შენიშვნა: დარწმუნდით, რომ თქვენს საქაღალდეს აქვს index.html-ფაილი.

  5. ახლა კი გადადით თქვენი ბრაუზერიდან username.github.io მისამართზე, რომ იხილოთ საიტი ინტერნეტში. მაგალითად, თუ მომხმარებლის სახელია chrisdavidmills, მისამართი იქნება chrisdavidmills.github.io.

    შენიშვნა: საიტის გამოქვეყნებას, შესაძლოა რამდენიმე წუთი დასჭირდეს. თუ მყისიერად არ იმუშავა, დაელოდეთ და შემდეგ სცადეთ ხელახლა.

ვრცლად, იხილეთ GitHub-გვერდების შესახებ დახმარება.

აგრეთვე წასაკითხი

 

მოცემულ მოდულში

 

დოკუმენტების ჭდეები და წვლილის შემტანები

ამ გვერდის შექმნაში, წვლილის შემტანები: G12r
ბოლო განახლების ავტორი: G12r,