ვებშიგთავსზე მუშაობის დაწყება წარმოადგენს მოკლე სტატიების ერთობლიობას, რომელიც დაგეხმარებათ ვებშემუშავების შესწავლასა და ცოდნის გამოყენებაში. თქვენ შეძლებთ გამართოთ საჭირო ხელსაწყოები მარტივი ვებგვერდის შესაქმნელად და გამოაქვეყნოთ თქვენ მიერვე დაწერილი კოდი.

თქვენი პირველი ვებსაიტის შესახებ

პროფესიონალური ვებსაიტის შესაქმნელად, ბევრი შრომაა საჭირო, ასე რომ, თუ ახალბედა ხართ, ჯერ უნდა დაიწყოთ მცირედით. თქვენ თავიდანვე ვერ შეძლებთ შექმნათ მეორე Facebook, თუმცა არაა ძნელი გამოაქვეყნოთ საკუთარი პატარა საიტი ინტერნეტში, ამიტომ დავიწყოთ სწორედ აქედან.

ამ ნაბიჯ-ნაბიჯ გასავლელი სტატიებით, თქვენ შეძლებთ არაფრისგან შექმნათ პირველი თქვენი ვებგვერდი და განათავსოთ ინტერნეტში. მოდი საქმეს შევუდგეთ!

საჭირო პროგრამების დაყენება

ვებგვერდის შესაქმნელი ხელსაწყოები, მრავლადაა ასარჩევად. თავდაპირველად, შესაძლოა დაგაბნიოთ კოდის ჩამსწორებელი პროგრამების, სამუშაო გარსებისა და გამოსაცდელი საშუალებების სიმრავლემ. სტატიაში საჭირო პროგრამების დაყენება ჩვენ გაჩვენებთ ნაბიჯ-ნაბიჯ მითითებებს, როგორ უნდა დააყენოთ შესაბამისი პროგრამა, ვებშემუშავების საწყისების გასაცნობად.

როგორ უნდა გამოიყურებოდეს თქვენი ვებსაიტი?

სანამ საიტის კოდის წერას შეუდგებით, პირველ რიგში უნდა დაიწყოთ დაგეგმვით. რა ინფორმაციის განთავსება გსურთ? რა შრიფტებისა და ფერების გამოყენებას აპირებთ? როგორ უნდა გამოიყურებოდეს თქვენი ვებსაიტი? ჩვენ განვიხილავთ მარტივ გზას, რომელსაც შეგიძლიათ გაჰყვეთ საიტის შიგთავსისა და იერსახის შემუშავების დასაგეგმად.

ფაილების განთავსება

საიტი შედგება უამრავი ფაილისგან: ტექსტური შიგთავსი, კოდი, სტილის ცხრილები, მედიაფაილები და ა.შ. როდესაც ქმნით ვებსაიტს, გესაჭიროებათ ამ ფაილების შეკრება ერთიანი მგრძნობიარე სტრუქტურის სახით, რაც გულისხმობს რომ ადვილი უნდა იყოს მათი ურთიერთდაკავშირება. სტატიაში ფაილების განთავსება ახსნილია, თუ როგორ ხდება ასეთი სტრუქტურის გამართვა და რა სირთულეებს შეიძლება გადააწყდეთ.

HTML-ის საფუძვლები

ურთიერთდაკავშირებული ტექსტების მონიშვნის ენა (Hypertext Markup Language – HTML) წარმოადგენს კოდს, რომელიც გამოიყენება ვებშიგთავსის სტრუქტურის შესაქმნელად და მისთვის მნიშვნელობისა და დანიშნულების მისაცემად. მაგალითად, უნდა იყოს თუ არა ჩემი ტექსტი პარაგრაფებად დაყოფილი ან სიის სახით ჩამოწერილი? უნდა ჰქონდეს თუ არა სურათები თანდართული? საჭიროა მონაცემთა ცხრილის სახით წარმოდგენა? თავი რომ არ შეგაწყინოთ, HTML-ის საფუძვლები სრულად მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას, HTML-ის შესწავლისთვის.

CSS-ის საფუძვლები

თანმიმდევრული სტილების ცხრილი (Cascading Stylesheets – CSS) წარმოადგენს კოდს, რომელიც გამოიყენება ვებსაიტის იერსახის გასაზღვრისთვის. მაგალითად, გსურთ ტექსტი იყოს შავი ან წითელი? ეკრანის რა ნაწილში გსურთ ტექსტის განთავსება? როგორი ფონისა და ფერების გამოყენება გსურთ ვებსაიტის გასაფორმებლად? CSS-ის საფუძვლები გაგაცნობთ, თუ საიდან უნდა დაიწყოთ ამ ყველაფრის შესწავლა.

JavaScript-ის საფუძვლები

JavaScript წარმოადგენს დაპროგრამების ენას, რომელიც გაძლევთ საშუალებას, საიტი გახადოთ ინტერაქტიული — რის მაგალითსაც წარმოადგენს თამაშები, როცა ყველა მოქმედება სრულდება ღილაკებზე დაჭერით ან მონაცემთა ველებში შეყვანით, იცვლება იერსახის ეფექტები, მოძრაობს სხვადასხვა ობიექტები და ა.შ. JavaScript-ის საფუძვლები მოგაწვდით აზრებს, თუ რისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს არაჩვეულებრივი ენა და საიდან უნდა დაიწყოთ.

საკუთარი საიტის გამოქვეყნება

როდესაც დაასრულებთ თქვენის საიტის კოდის წერასა და ფაილების დალაგებას, დაგჭირდებათ ამ ყველაფრის ინტერნეტში განთავსება, რომ ხალხს შეეძლოს ვებგვერდის ხილვა. სტატიაში საკუთარი კოდის გამოქვეყნება აღწერილია, თუ როგორ უნდა განათავსოთ კოდი ინტერნეტში, უმცირესი დანახარჯებით.

როგორ მუშაობს ინტერნეტი

როდესაც ნახულობთ თქვენს საყვარელ ვებსაიტს, ამ დროს მრავალი მოქმედება სრულდება ფონურად, რომლის შესახებაც შესაძლოა არ იცოდეთ. როგორ მუშაობს ინტერნეტი გაგაცნობთ, თუ ზუსტად რა მოქმედებები მიმდინარეობს, ვებგვერდის მონახულებისას.

აგრეთვე იხილეთ

ვებსაიტების მუშაობის მარტივი აღწერა: ვიდეოების მეტად გამოსადეგი კრებული, რომელშიც ახსნილია ინტერნეტის საფუძვლები, იგი განკუთვნილია ვებშემუშავების ახალბედა შემსწავლელთათვის. შემქნელია ჯერემი პატონიერი.

დოკუმენტების ჭდეები და წვლილის შემტანები

ამ გვერდის შექმნაში, წვლილის შემტანები: Georgianizator, chrisdavidmills
ბოლო განახლების ავტორი: Georgianizator,